დინამიკა.

კინემატიკაში უშუალოდ იხსნება მექანიკის ძირითადი ამოცანა: ცნობილი საწყისი პირობებითა და მოძრაობის ხასიათით განისაზღვრება სხეულის მდებარეობა დროის ნებისმიერ მომენტში. კინემატიკა არ პასუხობს შეკითხვას: რატომ აქვს მოძრაობას ესა თუ ის ხასიათი, რა არის მოძრაობის ხასიათის ცვლილების მიზეზი.

დინამიკის ძირითადი ამოცანა: მოცემული ურთიერთქმედებებით მოძრაობის ხასიათის (აჩქარების) განსაზღვრა. შექცეული ამოცანა: ვიცით რა მოძრაობის ხასიათი, განისაზღვროს ურთიერთქმედების ხასიათი.

მექანიკის ძირითადი მტკიცებულება: ცხეულის სიჩქარის ცვლილება (აჩქარება) ყოველთვის არის გამოწვეული ამ სხეულზე რაიმე სხვა სხეულების ზემოქმედებით.

თავისუფალი სხეული ეწოდება სხეულს, რომელზეც არ მოქმედებენ სხვა სხეულები ან ველები. ზოგი ამოცანის ამოხსნისას სხეული შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი, თუ გარე ზემოქმედებები არსებობს მაგრამ ისინი გაწონასწორებულია.

მყარი სხეულის გადატანითი მოძრაობის შესწავლისას განიხილება სხეულის ინერციის ცენტრის (მასათა ცენტრის) მოძრაობა.

რადგან მოძრაობა ფარდობითია, ამიტომ მექანიკური მამოცანების გადაჭრა შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ ათვლის სისტემებში. ამიტომ დინამიკის კანონების ფორმულირებისას აუცილებელია:

  1. მოცემული იყოს ათვლის სისტემის არჩევის კრიტერიუმი;
  2. ამოიხსნას ძირითადი ამოცანა;
  3. დადგინდეს კავშირი ურთიერთმოქმედ სხეულებს შორის.

ეს ამოცანები იხსნება ნიუტონის კანონების სისტემით. ნიუტონის კანონები ეს არის მრავალრიცხოვანი დაკვირვებების (განსაკუთრებით გალილეის)  განზოგადება.

ინერცია.

არისტოტელე: მოძრაობისთვის აუცილებელია სხეულებზე სხვა სხეულების ზემოქმედება.

გალილეი: ურთიერთქმედება აუცილებელია მხოლოდ მოძრაობის ხასიათის შესაცვლელად. ურთიერქმედებების არ არსებობის დროს სხეული იმოძრავებს წრფივად და თანაბრად უსასრულოდ დიდხანს. რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ვმოქმედებთ სხეულზე (მოვდებთ ძალას) ხახუნის (წინააღმდეგობის) გადასალახად.

 

ინერცია – სხეულის მიერ სიჩქარის შენარჩუნების მოვლენა, როცა გარე ზემოქმედებები არ არსებობს ან მათი ზემოქმედება კომპენსირებულია:
ანუ, თუ\(\dpi{100} \sum \vec{F}=const\) , მაშინ \(\dpi{100} \vec{v}=const\) - სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად ან უძრავია.