ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედებების დროს თავს იჩენს ზოგიერთი ელემენტარული ნაწილაკის განსაკუთრებული თვისება - ელექტრული მუხტი. რას წარმოადგენს ელექტრული მუხტი? სამწუხაროდ ჭეშმარიტი პასუხის გაცემა ალბათ შეუძლებელია. ამიტომ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმის თქმით, რომ ეს არის ნაწილაკებისა და სხეულების ელექტრული და მაგნიტური ურთიერთქმედების უნარის საზომი. კულონი მუხტს უწოდებდა სხეულის „ელექტრულ მასას“.
აქვე მოვიყვანოთ ელექტრული მუხტის ძირითადი თვისებები.
1. არსებობს „დადებითი“ და „უარყოფითი“ მუხტები. მათ შორის არ არსებობს რაიმე ფუნდამენტური განსხვავება - ანუ სამყაროში არაფერი შეიცვლებოდა თუ შევცვლიდით „-“ ნიშანს „+“ ნიშნით.
2. ელექტრული მუხტი არის ზოგი ნაწილაკის განუყოფელი თვისება! ელექტრული მუხტის მინიმური წილი (|e| \(\cong\)1,6×10-19 კლ) ერთნაირია უარყოფითი და დადებითი ელექტრობისთვის - ამ ტოლობის ფარდობითი სიზუსტე არ არის უარესი 10-20-ზე! მაკროსკოპული სხეულების მუხტი q არის ადიტიური სიდიდე და იცვლება დისკრეტულად, ანუ ყოველთვის სრულდება q = ±N·|e|.
3. ელექტრული მუხტი ემორჩილება კიდევ ერთ ფუნდამენტურ კანონს - ელექტრული მუხტის შენახვის კანონს:
ელექტრულად იზოლირებულ სისტემაში ელექტრული მუხტების ალგებრული ჯამი არ იცვლება დროის განმავლობაში (\(\sum q_{i}=const\)).
ელექტრულად იზოლირებული ეწოდება სისტემას რომელსაც არ ტოვებენ და რომელშიც გარედან არ აღწევენ დამუხტული სხეულები ან ნაწილაკები.
4. ელექტრული მუხტი ათვლის სისტემის არჩევის მიმართ არის ინვარიანტული (ანუ არ არის მასზე დამოკიდებული). ამას გარდა, ის არ არის დამუხტული ნაწილაკის მოძრაობის მდგომარეობაზე.