მექანიკაში სხეულის შინაგანი მდგომარეობის ცვლილება არ განიხილება. იქ ვამბობთ, რომ მოძრაობისას მექანიკური ენერგიის ნაწილი გადადის, მაგალითად, სითბურში და მორჩა. თუ რა პროცესები ახლავს მექანიკური ენერგიის გადასვლას სითბურ ენერგიაში მექანიკაში არ ზუსტდება.

თერმოდინამიკა და მოლეკულურ-კინეტიკური თეორია (მკთ) სწავლობს სხეულების შინაგან აგებულებას და მდგომარეობას, რაც შეიძლება იცვლებოდეს ისეთი პროცესებით, როგორებიცაა გათბობა და გაციება, სითბური გაფართოება და შეკუმშვა, ფაზური გარდაქმნა, დიფუზია, სითბოგამტარობა და სიბლანტე და ა.შ.

თერმოდინამიკასა და მკთ-ს აქვთ შესწავლის ერთი საგანი, მაგრამ განსხვავდებიან მოვლენების შესწავლის მეთოდებით. თერმოდინამიკა ეყრდნობა რამდენიმე ფუნდამენტურ კანონს, რომლებიც სამართლიანია ყოველთვის და ყველა მაკროსკოპული სხეულისთვის. მონაცემებს სხეულების კონკრეტულ სახეობებზე (მაგალითად მოცემულ აირზე, სითხეზე ან მყარ სხეულზე) თერმოდინამიკა იღებს ცდიდან (ჩვეულებრივ ე.წ. მდგომარეობის განტოლების ან ფიზიკური სიდიდეების ტემპერატურაზე ან წნევაზე დამოკიდებულების სახით). ამასთან სხეულის მოლეკულური აღნაგობა თერმოდინამიკური კვლევის ჩარჩოებს გარეთ რჩება.

მოლეკულურ-კინეტიკური თეორია, კი პირიქით, ყოველი კონკრეტული სხეულისთვის ქმნის მისი მოლეკულური მდგომარეობის მოდელს და ამ მოდელიდან მათემატიკური სტატისტიკის მეთოდით (მოლეკულების დიდი რიცხვის გამო) გამოჰყავს მოცემული სხეულის კონკრეტული თვისებები. თერმოდინამიკისა და მკთ-ს მეთოდები ერთმანეთს ავსებენ.