ჩვენ გავეცანით სხეულის იმპულსის მცნებას, რომელიც სხეულის გადატანითი მოძრაობის საზომს წარმოადგენს. თუმცა სხეულის ეს დინამიკური მახასიათებელი ვერ იქნება მოძრაობის ყველა ფორმის უნივერსალური საზომი. განვიხილოთ სხეულის წრფივი თანაბარი მოძრაობა ხახუნის პირობებში. ამ შემთხვევაში ხახუნის ძალა გაწონასწორებულია სხეულზე მოდებული ძალით, ამასთან. ხახუნს, როგორც ცნობილია, თან ახლავს სხეულის გათბობა, რაც მოხახუნე სხეულის მექანიკური მოძრაობის მათი შემადგენელი მოლეკულეკულების მოუწესრიგებელ სითბურ მოძრაობად გარდაქმნით არის გამოწვეული. თუმცა ამასთან სხეულის იმპულსის ვექტორი წრფივი თანაბარი მოძრაობისას რჩება მუდმივი და არანაირად არ ახასიათებს გამოყოფილ სითბოს რაოდენობას. მოძრაობის სხვადასხვა ფორმის ერთიან საზომს წარმოადგენს ფიზიკური სიდიდე, ე.წ. ენერგია. მექანიკური სისტემის ენერგია რაოდენობრივად ახასიათებს ამ სისტემას მასში მოძრაობების რაოდენობრივი ან/და ხარისხობრივი გარდაქმნების მხრივ. ეს გარდაქმნები გამოწვეულია ურთიერთქმედებით როგორც სისტემის შემადგენელ სხეულებს შორის ისე მის გარეთ მყოფ სხეულებთან. მოძრაობა მატერიის განუყოფელი თვისებაა. ამიტომ ყოველ სხეულს აქვს ენერგია ან, როგორც ხშირად ამბობენ, ენერგიის მარაგი, რომელიც არის მისი მოძრაობის ზომა. ხარისხობრივად განსხვავებული მოძრაობის ფორმების რაოდენობრივი დახასიათებისთვის შემოაქვთ შესაბამისი სახის (ფორმის) ენერგიები - მექანიკური, შინაგანი, ელექტრომაგნიტური და სხვ.