ნიუტონის პირველი კანონი ამბობს: ყოველი სხეული ინარჩუნებს უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობას მანამ, სანამ სხვა სხეულებისგან ზემოქმედება არ აიძულებს შეიცვალოს ეს მდგომარეობა. ნიუტონის პირველი კანონი აჩვენებს, რომ უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა არ მოითხოვს გარედან ზემოქმედებას. ამაში ვლინდება სხეულების განსაკუთრებული დინამიური თვისება, ინერტულობა. შესაბამისად ნიუტონის პირველ კანონს უწოდებენ ინერციის კანონს, ხოლო სხეულების სხვა სხეულების მხრიდან ზემოქმედებისგან თავისუფალ მოძრაობას - ინერციით მოძრაობას.
ცდა აჩვენებს, რომ ნიუტონის პირველი კანონი არ სრულდება ათვლის ყველა სისტემის მიმართ. ათვლის სიტემებს, რომელთა მიმართაც სრულდება ინერციის კანონი, ეწოდება ათვლის ინერციული სისტემები. ანუ, ეს ისეთი ათვლის სისტემებია, რომელთა მიმართაც მატერიალური წერტილი, რომელზეც არ ზემოქმედებენ სხვა სხეულები, ან უძრავია, ან მოძრაობს წრფივად და თანაბრად.