მექანიკის საგანი. მექანიკას უწოდებენ ფიზიკის ნაწილს, რომელიც ეძღვნება მოძრაობის უმარტივესი ფორმის - მექანიკური მოძრაობის კანონზომიერებების შესწავლას.

მექანიკა
სამი ქვეგანყოფილებაა: კინემატიკა, დინამიკა და სტატიკა.

კინემატიკა
სწავლობს სხეულების მოძრაობას მისი გამომწვევი მიზეზების გაუთვალისწინებლად. ის ოპერირებს ისეთი სიდიდეებით როგორებიცაა გადაადგილება, განვლილი გზა, დრო, მოძრაობის სიჩქარე და აჩქარება.

დინამიკა
იკვლევს კანონებსა და მიზეზებს, რომლებიც იწვევენ სხეულების მოძრაობას, ანუ სწავლობს მატერიალური სხეულების მოძრაობას მათსზე მოდებული ძალების გავლენით. კინემატიკურ სიდიდეებს ემატება სიდიდეები - ძალა და მასა.

სტატიკა
იკვლევს სხეულების სისტემის წონასწორობის პირობებს.

ათვლის სისტემა.
ათვლის სისტემის ქვეშ იგულისხმება კოორდინატთა სისტემისა და საათის ერთობლიობა. ათვლის სისტემის მცნება მოიცავს სხეულის მდგომარეობის სივრცულ-დროით დახასიათებას, ამასთან სივრცითი დახასიათება მოიცემა კოორდინატების მეშვეობით, ხოლო დროითი - საათის მეშვეობით.

მექანიკური მოძრაობა ეწოდება სივრცეში სხეულების ურთიერთმდებარეობის ცვლილებას დროის განმავლობაში. ნებისმიერი მექანიკური მოძრაობა ფარდობითია.

მატერიალური წერტილი ეწოდება ისეთ სხეულს, რომლის ზომები და ფორმები მოცემული ამოცანის პირობებში შეიძლება უგულებელვყოთ სხვა სხეულის ზომებთან შედარებით ან მათ მანძილთან შედარებით.