ისე როგორც ელექტრული ველის შემთხვევაში, იმისათვის რათა თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ მაგნიტური ველის სტრუქტურა – ანუ მისი მიმართულება და სიდიდე სივრცის სხვადასხვა წერტილში, გამოიყენება განსაკუთრებული წირები.
(განსაზღვრება) წირებს, რომელთა მხებები სივრცის ნებისმიერ წერტილში ემთხვევა ამ წერტილში მაგნიტური ინდუქციის ვექტორის მიმართულებას მაგნიტური ინდუქციის წირები (ან "ძალწირები") ეწოდება.
გრძელი დენიანი გამტარის შემთხვევაში მაგნიტური ინდუქციის წირები არის გამტარისადმი კონცენტრული წრეწირებია, რომლებიც გამტარისადმი მართობულ სიბრტყეში ძევს.
სასარგებლოა ასევე შევთანხმდეთ, რომ მაგნიტური ველის ინდუქციის სიდიდე იყოს ძალწირების სიხშირის პროპორციული.
მაგნიტურ ველს ეწოდება ერთგვაროვანი, თუ მისი ინდუქცია სივრცის ყველა წერტილში ერთნაირია. ერთგვაროვანი ველის ინდუქციის წირები უნდა იყოს ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული პარალელური სწორი წირები. ასეთი მაგნიტური ველი შეიქმნება, მაგალითად, ძალიან გრძელი დენის ხვიებიანი კოჭის შიგნით (ე.წ. სოლენოიდი).
♦ აღვნიშნოთ მაგნიტური ველის ინდუქციის წირების რიგი მნიშვნელოვანი მახასიათებლები
1. მაგნიტური ველის ინდუქციის წირები ყოველთვის შეკრულია – ასეთ ველებს უწოდებენ "გრიგალურს". გვახსოვს, რომ ელექტრული ველის წირები იწყება დადებით მუხტზე და თავდება უარყოფითზე ანუ აქვთ წყაროები. მაგნიტური მუხტები განსხვავებით ელექტრულისგან ჯერჯერობით ბუნებაში ექსპერიმენტულად არ დამზერილა. ამ ფაქტის ფორმალური ასახვა არის ეს:
(22.6)
ამას ხანდახან მაგნიტური ველისთვის გაუსის თეორემას უწოდებენ.
2. როგორც ელექტრული ველის შემთხვევაში, მაგნიტური ველის ინდუქციის წირები არსად არი იკვეთებიან.
3. კიდევ გავიხსენოთ, რომ შეთანხმებისამებრ წირების სიხშირე პროპორციულია მაგნიტური ველის ვექტორის სიდიდისა.