შეკითხვა: | როგორ გამოთვალეს მეცნიერებმა რამდენია დედამიწის მასა? |
---|---|
პასუხი: | მას შემდეგ, რაც ცნობილია მსოფლიო მიზიდულობის კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ ყველა სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის, დედამიწის მასის გამოთვლა არათუ მეცნიერებს, არამედ ნებისმიერ ფიზიკით დაინტერესებულ ადამიანსაც ადვილად შეუძლია. ჩავწეროთ დედამიწის ზედაპირთან ახლოს მყოფი სხეულისთვის ზემოთხსენებული კანონი \(F_{gr}=G\frac{mM_{}}{R^{2}}\) (1) სადაც m არის სხეულის მასა, M არის დედამიწის მასა, R=6378,1კმ არის დედამიწის რადიუსი (იგულისხმება, რომ დედამიწა არის სფერო), ხოლო G არის უნივერსალური გრავიტაციული მუდმივა, რომელიც ექპერიმენტულად არის ზუსტად დადგენილი და G=6,67·10-11ნ·მ2/კგ2. ავიღოთ ერთი კგ მასის მქონე სხეული \(m\)=1კგ და მისი თავისუფალი ვარდნის აჩქარების გაზომვით და ნიუტონის მეორე კანონის გამოყენებით დავადგინოთ მასზე მოქმედი \(F_{gr}\) გრავიტაციული ძალის სიდიდე, რაც დაახლოებით 9.8 კგ*მ/წმ2 გამოვა. განტ. (1)-დან ზემოთმოყვანილი სიდიდეების ჩასმით მივიღებთ, რომ დედამიწის მასა M=6,000,000,000, 000,000,000,000,000კგ= 6 x 1024კგ. |