André-Marie Ampère; (20 იანვარი, 1775 — 10 ივნისი, 1836) — ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული ამპერი მის პატივსაცემად დაერქვა.
ერსტედის აღმოჩენამ, კერძოდ კი დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე მოქმედებამ, ბევრი მეცნიერი დააინტერესა. მათ შორის იყო ფრანგი მეცნიერი ანდრე ამპერი. მან ცდებით აჩვენა, რომ ორი პარალელური დენიანი გამტარი ერთმანეთს მიიზიდავს, თუ მათში ერთი მიმართულების დენი გადის და განიზიდებიან, თუ მათში სხვადასხვა მიმართულების დენი გადის, ე.ი. დენიანი გამტარები ისევე იქცეოდნენ, როგორც მაგნიტები (ნახ. 1). ასევე მოქმედებდნენ ერთმანეთზე ორი წრიული დენი.
თავდაპირველად ამპერი ფიქრობდა, რომ თითოეული გამტარს თითო დენის წყარო სჭირდებოდა, მაგრამ შემდგომში მიხვდა, რომ ერთი დენის წყაროც საკმარისი იქნებოდა ამ ცდების ჩასატარებლად. მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ შეაერთებდნენ გამტარებს დენის წყაროსთან იმისათვის, რომ მათში ერთი მიმართულების ან საწინააღმდეგო მიმართულების დენი გასულიყო.
ამ დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ერთი ვოლტას ბოძის საშუალებით (რომელიც მაშინ შეუცვლელ დენის წყაროს წარმოადგენდა) შეიძლებოდა ძალიან გრძელი გამტარის გამოყენებით წყაროდან დიდ მანძილზე დაშორებულ მაგნიტურ ისარზე ზემოქმედება. ამპერი წერდა, რომ ამ ცდაზე მას მიუთითა დიდმა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა, და რომ ცდა შედეგიანი და წარმატებული გამოდგა.
ამის შემდეგ წარმოიშვა იდეა თავისებური ტელეგრაფისა, რომელსაც დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე ზემოქმედება დაედებოდა საფუძვლად. მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ასეთი ტელეგრაფი გაკეთდა რუსეთსა და გერმანიაში.
ამპერის აღმოჩენის შემდეგ ფრანგმა მეცნიერმა არაგომ შექმნა ელექტრომაგნიტი, რამაც შესაძლებელი გახადა პირველი ელექტროზარის გაკეთება.