Georg Simon Ohm (15 მარტი, 1789 — 7 ივნისი, 1854) — გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი. მეცნიერების ისტორიაში შევიდა, როგორც ავტორი ელექტრული წრედის ძირითადი კანონისა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა წრედის ელექტრომამოძრავებელი ძალა და დენის ძალა. ამპერი თავის შრომებში ახლოს იყო ამ კანონის აღმოჩენასთან, მაგრამ ვერ შეძლო მისი ფორმულირება. ომმა თავისი კანონი, რომელმაც შემდგომ მისი სახელი მიიღო, 1827 წელს წარმოადგინა მათემეტიკური ფორმულის სახით: I =U / R დენის ძალა I წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა U და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა R. გამტარის წინაღობის დამოკიდებულება მის ზომებსა და ნივთიერების გვარობაზე პირველად ექსპერიმენტულად შეისწავლა გეორგ ომმა. დენის წყაროდ ომმა გამოიყენა თავის გამოკვლევებში თერმოწყვილი – თერმოელემენტი, რომელიც ორი გამტარისაგან შედგებოდა: სპილენძისა და ბისმუტისგან. მათი შეხების ადგილებიდან ერთი ადუღებულ წყალში ჩაუშვა, მეორე – ყინულში. ასეთი ელემენტი მუდმივ და თანაბარ დენს აძლევდა. ეს ელემენტი ჩართო წრედში და გამოიკვლია დენის გავლა, როგორც სხვადასხვა განივკვეთისა და სიგრძის ამავე გამტარებში, ისე სხვა მეტალების გამტარებშიც. მან დაადგინა, რომ წინაღობა პირდაპირპროპორციულია სადენის სიგრძისა, უკუპროპორციულია მისი განივკვეთის ფართობისა და დამოკიდებულია ნივთიერების გვარობაზე: R = q . l / s, სადაც q ნივთიერების კუთრი წინაღობაა, l გამტარის სიგრძე, ხოლო s განივკვეთის ფართობი.