Pierre-Simon, marquis de Laplace ( 23 მარტი, 1749, ― 5 მარტი, 1827), ფრანგი ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი.
ფუნდამენტური შრომები აქვს დიფერენციალურ განტოლებათა თეორიის საკითხებზე. შემოიღო ე.წ. ბურთისებრი ფუნქციები. ალგებრაში ლაპლასს ეკუთვნის მნიშვნელოვანი თეორემა დეტერმინანტთა წარმოდგენის შესახებ დამატებითი მინორების ნამრავლების ჯამის სახით. ბლეზ პასკალის, პიერ ფერმასა და სხვათა ზოგიერთი ნაშრომის სისტემაში მოყვანისა და განვითარების საფუძველზე შექმნა ალბათობის მათემატიკური თეორია, რომლის დასამუშავებლად შემოიღო ე.წ. წარმომქმნელი ფუნქციების ცნება და ფართოდ გამოიყენა გარდაქმნა (ე.წ. ლაპლასის გარდაქმნა). დაამტკიცა ალბათობის თეორიის მნიშვნელოვანი თეორემა, რომელიც მის სახელს ატარებს. ლაპლასის კლასიკური ნაშრომი "ალბათობათა ანალიზური თეორია" მის სიცოცხლეშივე გამოიცა 3–ჯერ. 1779–1784 წლებში ანტუან ლორან ლავუაზიესთან ერთად მუშაობდა ფიზიკის საკითხებზე. სხეულთა წირითი გაფართოების გასაზომად მათ პირველად გამოიყენეს სამზერი მილი. შეისწავლეს წყალბადის წვის პროცესი ჟანგბადში. ლაპლასი აქტიურად გამოდიოდა ფლოგისტონის არსებობის შესახებ არსებული მცდარი ჰიპოთეზის წინააღმდეგ. მრავალი შრომა გამოაქვეყნა კაპილარობის თეორიის საკითხებზე. გამოიყვანა ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარის ფორმულა.
ლაპლასმა განავითარა ცის მექანიკის მეთოდები და დაამტკიცა, რომ მსოფლიო მიზიდულობის კანონი კარგად ხსნის მზის სისტემის სხეულთა მოძრაობას, თუ მათ ურთიერთშეშფოთებებს მწკრივის სახით წარმოვადგენთ. აღმოაჩინა ამ შეშფოთებათა პერიოდულობა. 1780 წელს წამოაყენა ციურ სხეულთა ორბიტების გამოთვლის ახალი მეთოდი. დაამტკიცა, რომ მზის სისტემა მდგარადია ხანგრძლივი დროის მანძილზე. დაასკვნა, რომ სატურნის რგოლი ცალკეულ სხეულთაგან შედგება, იწინასწარმეტყველა სატურნის ძლიერი ძეკუმშულობა. 1789 წელს შეისწავლა იუპიტერის თანამგზავრთა მოძრაობა და დაადგინა, რომ დაკვირვების მონაცემები თეორიასთან სრულ შესაბამისობაშია. 1787 წელს დაამტკიცა, რომ მთვარის საშუალო სიჩქარე დამოკიდებულია დედამიწის ორბიტის ექსცენტრისიტეტზე. მთვარის მოძრაობის უთანასწორობებით განსაზღვრა პოლუსებთან დედამიწის შეკუმშულობა. განავითარა მოქცევათა დინამიკური თეორია. ცის მექანიკის დარგში მისი შედეგები თავმოყრილია თხზულებაში "ტრაქტატი ცის მექანიკის შესახებ" (ტ. 1–5, 1798–1825). დიდი ფილოსოფიური მნიშვნელობა ჰქონდა ლაპლასის მიერ წამოყენებულ კოსმოგონიურ ჰიპოთეზას მზის სისტემის წარმოშობის შესახებ.