Heinrich Rudolf Hertz (22 თებერვალი, 1857 — 1 იანვარი, 1894) — გერმანელი ფიზიკოსი, ელექტროდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მაქსველის განტოლებებიდან გამომდინარე, ჰერცმა 1886-1889 წლებში ექსპერიმენტულად დაამტკიცა ელექტრომაგნიტური ტალღების არსებობა და გამოიკვლია მათი თვისებები (სარკიდან არეკვლა, გარდატეხა პრიზმებში და ა.შ.). ელექტრომაგნიტურ ტალღებს ჰერცი ღებულობდა თავის მიერ გამოგონებული ვიბრატორით. ჰერცმა ექსპერიმენტულად დაადასტურა მაქსველის თეორიის დასკვნა იმის შესახებ, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარე ჰაერში ტოლია სინათლის სიჩქარისა, დაადგინა ელექტრომაგნ. და სინათლის ტალღების თვისებათა იგივეობა, შეისწავლა აგრეთვე გამტარში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება და აჩვენა მათი გავრცელების სიჩქარის გაზომვის წესი. განავითარა რა მაქსველის თეორია, ელექტროდინ. განტოლებებს მისცა სიმეტრიული ფორმა, რომელიც კარგად წარმოაჩენს სრულ ურთიერთკავშირს ელექტულსა და მაგნიტურ მოვლენებს შორის. იმ ჰიპოტეზიდან გამომდინარე, რომ ეთერს წარიტაცებს მოძრავი სხეულები, ააგო მოძრავი სხეულების ელექტროდინამიკა, მაგრამ მისი ელექტროდინამიკა ცდასთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდა და მოგვიანებით ადგილი დაუთმო ჰ.ლორენცის ელექტრონულ თეორიას.

1887-1889 წლებში ჰერცი პირველი დააკვირდა გარე ფოტოეფექტს და აღწერა იგი. დაამუშავა რეზონატორული კონტურის თეორია, შეისწავლა კათოდური სხივების თვისება და სხვ. წიგნში, რომელსაც "მექანიკის პრინციპები" (1894) ეწოდება, ერთიანი პრინციპიდან (რომელსაც ჰერცის პრინციპი ეწოდება) გამომდინარე, გამოიყვანა მექან. ზოგადი თეორემები (უმცირესი სიმრუდის პრინციპი). ჰერცის სახელი უწოდეს რხევათა სიხშირის ერთეულს.

ჰერცის შრომებმა განაპირობა უმავთულო ტელეგრაფიის, რადიოკავშირის, ტელევიზიის, რადიოლოკაციისა და სხვ. დარგების შექმნა.