Robert Hooke; (18 .07.1635 — 3.03.1703) — ინგლისელი ბუნებისმეტყველი, გამომგონებელი, ასტრონომი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, ტოპოგრაფი. 1665 წელს გამოდის ჰუკის ნაშრომის „მიკროგრაფია“, რომელშიც ის აღწერს უნიკალურ ცდებს: მის მიერ გაუმჯობესებული მიკროსკოპით მან აღმოაჩინა უჯრედი, აღწერა მცენარეთა უჯრედული შედგენილობა, დაკვირვება მოახდინა ბუზის თვალზე, ობისა და საფუარის სოკოზე და ბევრ სხვაზე. ამავე ნაშრომში ჰუკი ეხება სითბოსა და წვის, ასტრონომიის, ოპტიკის პრობლემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ ჩამოყალიბებული ჰიპოთეზა სინათლის ტალღური ბუნების შესახებ.
ფიზიკის ისტორიში ჰუკის სახელი განსაკუთრებით მტკიცედაა დაკავშირებული დრეკედობის კანონთან, რომელიც ცნობილია „ჰუკის კანონის“ სახელით. ეს კანონი ჩამოყალიბებულია ჰუკის 1678 წელს გამოსულ ბროშურაში „შესაძლებლობის აღდგენის ანუ დრეკადობის შესახებ“.
ასევე დიდი წვლილი შეიტანა მან გრავიტაციის თეორიასა და ასტრონომიაში. 1674 წელს გამოსულ მის ნაშრომში „დედეამიწის მოძრაობის დამტკიცების ცდა ცდათ“, მითითებულია გრავიტაციის უნივერსალური ძალის არსებობა, მან პირველად გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ამ ძალსა და მანძილს შორის უკუ კვადრატული დამოკიდებულება უნდა იყოს. ჰუკის მოსაზრებები გამოიყენა შემდეგ ისააკ ნიუტონმა თავის ნაშრომებში მსოფლიო მიზიდულობის შესახებ. მნიშვნელოვანი შრომები აქვს ჰუკს გეოგრაფიასა და კარტოგრაფიაში. პირველად მან შემოიტანა ტერმინი „უჯრედი“.