ვიცით, რომ იდეა და სურვილი ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა. გვჯერავს, რომ როცა ობსერვატორიის სსიპ-ად ჩამოყალიბების ბრძანება გასცა ბატონმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კეთილი მიზნებით იხელმძღვანელა. მაგრამ, სამწუხაროდ მას შემდეგ, რაც პროცესებმა განათლების სამინისტროში ჩამოინაცვლა იდეა და მიზნები შეიცვალა.

შეიცვალა იმიტომ, რომ გასაქანი მიეცა საქართველოს ჭირს, ყველაფრის ნაცნობ მეგობრობით მოგვარებას. გადაიკვეთა მეცნიერებასა და ადმინისტრაციებში ჩაბუდებული საქმოსნების ინტერესები: თანამდებობებზე მყოფებისა და თანამდებობების მსურველების, აკადემიკოსებისა და აკადემიკოსობის მსურველების, სინდისის ხარჯზე მუქთა შემოსავლების მომგროვებლების და ამჟამად ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ობსერვატორიაში სამუშაო პროცესის გაუმჯობესების ნაცვლად მის სამეცნიერო კონტიგენტს ემუქრება განახევრება, რათა თანამდებობზე ურთიერთხელშეწყობით მოქცეულმა დირექციამ, სამეცნიერო საბჭომ და მათმა ხუთიოდე მხარდამჭერმა საერთაშორისო დონის ანაზღაურებები დაინიშნონ. ალბათ ეს არის ის საერთაშორისო დონეზე გასვლა, რასაც ასე ხმამაღლა გვამადლიან პროვინციული მეცნიერებისგან ახლადმოვლენილი მხსნელები. სამწუხაროა, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ევგენი ხარაძის, ნაამაგარმა აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ, ასეთი უღირსი მეთოდებით ხელმძღვანელობაში მოყვანილი მაქინატორების ხელში უნდა დალიოს სული. თუმცა ობსერვატორიის ამ მოვლენილ მხსნელ კორიფეებს, თვით ევგენი ხარაძეზე შთამბეჭდავი, ორჯერ და სამჯერ დიდი სამეცნიერო ბიოგრაფიები აქვთ საიტებზე განთავსებული, მაგრამ მათი ხელმძღვანელობით გაზრდილი მეცნიერი ძალიან ძნელად მოიძებნება. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში მათ მიერ შედგენილი საშტატო განრიგი, რაც ობსერვატორიის მომავალი განვითარების მექანიზმი უნდა იყოს, ითვალისწინებს ამჟამად ობსერვატორიაში დასაქმებული თითქმის ყველა ახალგაზრდის სამეცნიერო თანამდებობებიდან ჩამოშორებას. ეს კატასტროფა იქნება. გასაერთაშორისოობაზე აპელირებით, გამეცნიერსაბჭოსთავმჯდომარეობულმა აკადემიკოსმა გიორგი ჩაგელიშვილმა, გაამთავარმეცნიერა აშშ-ში და რუსეთში წარმატებით დასაქმებული ყველაფერზე ხელის ამწევი მეცნიერები, რომელთაც აბასთუმნის ობსერვატორიასთან მხოლოდ ტკბილი მოგონებები აკავშირებთ, მათ კი ყველაფერზე ხელის აწევით გაადირექტორეს, მათთვის სამიდღემჩიო სამადლოს დამნიშნავი რევაზ ჭანიშვილი. და ეს ყველაფერი, ბედკრულ საქართველოში დარჩენილი, რეალურად მომუშავე მეცნიერებისა და კიდევ უფრო მეტად, მეცნიერებაში პირველი ნაბიჯების მქონე ახალგაზრდების შევიწროვების ხარჯზე. რაც მთავარია და კიდევ უფრო დამღუპველი, არამარტო ობსერვატორიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, ამას ყველაფერს მხარს უჭერს განათლების სამინისტრო, მთელი თავისი შემადგენლობით.

თვალნათლივ ვრწმუნდებით, მხოლოდ კარგი სურვილი არ კმარა. მთავარია სისტემა, რომელიც ამ სურვილების ახდენას უზრუნველჰყოფს. ის კი (სამინისტრო) სხივისთვის უხარისხო ლინზასავით არის და ობსერვატორიამ გამრუდებული ოცნებები მიიღო. არც ქვევიდან ზევით მრავალგზის გაგზავნილ შეკითხვებს ატარესბს ზევით, ირეკლავს და ისევ ობსერვატორიის დირექციის ფილტრში გავლილი პასუხები ბრუნდება. ტელევიზიებს კი მხოლოდ სკანდალი აინტერესებს. ეს სკანდალი არ არის, ეს ჩუმი და ნელი აღსასრულია.

ამ წერილით, მცირე იმედი გვაქვს, იქნებ მთავარ მეოცნებეებამდე მივიდეს ხმა, იქნებ გამოცვალონ ან გაწმინდონ ლინზა (და ალბათ ლინზები). და იქნებ, დროულად, თორემ ამ საყოველთაო არჩევნების ორომტრიალს სპეციალურად დამთხვეული ობსერვატორიის თანამდებობრივი კონკურსები და საშტატო განრიგის ამოქმედება საბოლოოდ დაუსვამს წერტილს საქართველოს ასტრონომიულ ისტორიას.